შენთან მიმოწერა უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს - თამარ ბაჩალიაშვილის უცნობი მესიჯი

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

როგორც ადრე გაცნობეთ, რამიშვილი იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის. ადვოკატმა საჩივარს დღეს ერთი მასალაც - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი ფოტოსქრინი დაურთო, საიდანაც ცხადი ხდება, რომ თამარი მეგობარს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.

„გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“ - წერია მესიჯში.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ თავად ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილთან მეგობრობდა და რამიშვილს მიმოწერა გადასცა, მზადაა ჩვენება მისცეს, აუცილებელი პირობა კი ჩვენებაზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დასწრებაა. 

სწორედ ამ ახალი დეტალის გამო, ბაჩალიაშვილების ოჯახი და ოჯახის ადვოკატი მიიჩნევენ, რომ გამოძიება ხელახლა უნდა წარიმართოს, რადგან ეს დეტალი - ახალი მიმოწერის აღმოჩენა, თავდაყირა აყენებს თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის ვერსიას.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. 

2020 წლის ბოლოს პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და საქმე დახურულად გამოაცხადა, მანამდე კი თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოუხსნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი