სამოქალაქო აქტივისტები დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის გამო არასამთავრობოს წევრის, ირაკლი ფანგანის, დაკავებას სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით სამართლად აფასებენ.
გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ 2 წლის წინ მას გორის მერიის წარმომადგენელმა თავზე ნაგავი გადააყარა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.
"მე პირადად ორი წლის წინ, უკვე გორის მერიის მაღალჩინოსანმა დამაყარა თავზე ნაგავი, ვიჩივლე და ის ბატონი გაამართლეს, ისე რომ შენიშვნაც არ მიუციათ, ერთი საათიც არ გაუტარებია დროებითი დაკავების იზოლატორში, ახლა გვაქვს პირიქით შემთხვევა, როცა აქტივისტი არის დაკავებული, დევნაზეც ედავებიან. ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფო როგორც უნდა ისე იყენებს კანონებს, ჩაცმული აქვს კონსტიტუცია და ყველა ძალოვანი უწყება და პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის ბრძანებას, ჩვენს მომხრეებს ხელი არ უნდა ახლოთ, ვინც კი რამეს აპროტესტებს ყველას დაჭერა შეგიძლიათ" – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი
კახა კვეკვესკირიც ამბობს, რომ მას კახი კალაძემ მაისური შემოახია, თუმცა არც მაშინ დასჯილა არავინ.
"მე პირადად, კახი კალაძემ რომ მაისური შემომახია, ამაზე არავინ დასჯილა, რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტია ეს" – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა, რადგან ის მუხლი, რომლითაც ფანგანს ასამართლებენ შესაძლებელია ნებისმიერ მშვიდობიან დემონსტრანტს მიეყენოს.
"ჩვენ გავაპროტესტებთ ამ ქმედებას და არცერთ აქტივისტზე, ასეთ რამეს არ შევარჩენთ ხელისუფლებას. ძალიან სახიფათო მუხლით არის დაწყებული გამოძიება. რაც შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ აქტივისტზე, ვინც უწყვეტად აპროტესტებს თუნდაც გაყალბებულ არჩევნებს, სახელმწიფო გადავიდა რეპრესიების ახალ ეტაპზე" – ამბობს სამოქალაქო პლატფორმა 20/20–ს წევრი გიორგი მუმლაძე
ოპოზიციის ლიდერების თქმით, სამოქალაქო აქტივისტების მსგავსად, არც ოპოზიციონერებზე ძალადობის ფაქტები გამოძიებულა.
"შეიძლება, რომ პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციონერებს დაესხა თავს, თუმცა არავინ გაგასამართლებს, ბაკურიანში გვახსოვს ნიკა მელიაზე თავდასხმა, იგივე თბილისის საკრებულოში, როცა ტურებივით დამესივნენ საკრებულოს წევრები, ეს ადამიანები ამ დრომდე არავის დაუკავებია, სამაგიეროდ ივანიშვილის რეჟიმი ახალგაზრდის მიმართ ატარებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას" – ამბობს ენმ–ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი
ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენიაც, ამბობს, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
პარტია "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, ამბობს, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის გადაყრა ამორალური საქციელია, თუმცა, ხელისუფლების რეაქცია და ფანგანის დაკავება, პოლიტიკური დევნაა.
"ოცნების" წარმომადგნელი ნინო წილოსანი დარწმუნებულია, რომ როგორც ნაგვის გადაყრის, ისე ყველა სხვა გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევაში, ხელისუფლებას რეაგირება ჰქონდა.
"ნაგვის თავზე დაყრა არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების არცერთ ფორმას და აქედან გამომდინარე, როგორც ამ, ისევე სხვა შემთხვევაში, სამართლებრივ სტრუქტურებს და სახელმწიფოს ქონდათ შესაბამისი რეაგირება, იყო დასახელებული რამდენიმე ფაქტი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ შსს–ს ჰქონდა შესაბამისი რეაგირება" , – ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი
ამავე თემაზე:
"ალტერნატივას" წევრი დააკავეს - დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის საქმე
ფანგანს ბრალს დღეს წარუდგენენ - აქტივისტები და პოლიტიკოსები მხარდამჭერ აქციებს აანონსებენ
ირაკლი ფანგანი არის პოლიტიკური პატიმარი - აკაკი ბობოხიძე
დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.