"ოცნებას" ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერების ვადა ეწურება.
დღეს სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხის შეჩერებას პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი განიხილავს, მანამდე კი "ოცნება" ოპოზიციას აქტიურად მოუწოდებს პარლამენტში შესვლას.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მაქსიმალურად იყენებენ დროს, რათა ოპოზიციისთვის პარლამენტში შესასველი კარი ღია დატოვონ.
"მანდატები რიგგარეშე სესიაზე არ განიხილება, ჩვენ განვაცხადეთ რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს რათა ღია დავტოვოთ კარი ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის, რათა ისინი შემოუერთდნენ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს, ჩვენი სულისკვეთება არის ის რომ პარლამენტმა იმუშაოს სწორედ ისეთი ძალით, როგორც საზოგადოებამ აირჩია. სასურველია ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. თუ რა იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ" – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები "გულზე მჯიღს" იცემენ, როცა უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.
"ისინი ძალიან ნერვიულობენ დღეს იმაზე, შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება და ამ დროს გამოდიან და პირდაპირ ეთერში გულზე მჯიღს იცემენ და ამბობენ, დროზე შეგვიწყიტონ, მე ვერ მივცემ მათ გარანტიას, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება. შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ვერ დამთავრდეს 2 თებერვლამდე და ამის იქით ვადა არ გვაქვს, შეიძლება ხელი შეუშალოს" – ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მისთვის პარლამეტნში ახალი პარტიების შესვლაა საინტერესო.
"ისეთი მარგინალური ტიპები, რომელთაც მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტში არაფერი უკეთებიათ, იქნებიან თუ არა პარლამენტში, ჩემთვის მნიშნველობა არ აქვს, მაგალითად გუბაზა, მაგალითად ჭიჭინაძე, მაგალითად ბოკერია და ამათი ჯგუფი, შეგიძლიათ ერთი თემა გამახსენოთ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, ეს ადამიანები არ არიან ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ახალი პარტიები, ნუ გახდებიან მძევლები გაკოტრებული სააკაშვილის და რეჟიმის იდეოლოგის ბოკერიასი"– ამბობს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა
პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული და ამჟამად "ევროპელი სოციალისტების" წევრი დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, სხვა ოპოზიციონერებს პარლამენტში შესასვლელად ხელი არ უნდა შეუშალონ.
"არ ვარ დარწმუნებული რომ თითოეული მათგანი აზრს არ შეიცვლის, ვიცით ზოგიერთი მათგანი ძალიან დიდ პატივს სცემს საერთაშორისო მეგობრების პოზიციას და საერთოდაც რა წესია რომ ოპოზიციამ ოპოზიციას დაუკეტოს კარი, მე მოვუწოდე ოცნების დეპუტაციას, რომ ეს ის საკითხი არ არის, რომელიც გუნდურად უნდა გადაწყდეს, მე იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას ჩავაგდებთ" – ამბობს , დავით ზილფიამიანი
51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის თავისუფალ კენჭისყრაზე გასვლას პარლამენტი 2 თებერვალს განიხილავს.
ამავე თემაზე:
დღეს პარლამენტში: