მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტების თქმით, კარტოგრაფების გირაოს ასაგროვებლად შედგენილი პეტიცია ერთგვარი ბოდიშის მოხდა იყო საზოგადოებრის მხრიდან მეცნიერებისთვის, რომელთაც უკანასკნელი 4 თვე საკანში გაატარეს.
"პირველ რიგში რაც მინდოდა გამეკთებინა, იყო ბოდიშის მოხდა. მინდოდა ბოდიში მომეხადა იმ ყველაფრისთვის, რაც გაიარეს ამ 4 თვის განმავლობაში და პირველ რიგში რაც ვქენით, იყო რომ ივერი მელაშვილის ადვოკატებთან გავიარეთ კონსულტაცია და საღამოს, როდესაც ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი განთავისუფლდნენ გამოვაქვეყნეთ პოსტი ჩვენ "სირცხვილიას" გვერდზე", - ამბობს ნოდარ რუხაძე, სამოქალაქო აქტივისტი.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას დღეს სამოქალაქო საზოგადოებაც გამოეხმაურა, და თქვა, რომ ხალხმა ამით ხელისუფლებას სილა გააწნა და დაუმტკიცა, რომ არ მოტყუვდებიან.
კარტოგრაფების გირაოს შეგროვებასთან დაკავშირებით ივერი მელაშვილი ამბობს, რომ "ეს ძალიან სასიხარულო იყო და მე აღვიქვი, როგორც სამართლიანობის მხარდაჭერა, და ეს უნდა გაგრძელდეს".
კარტოგრაფები ასევე ამბობენ, რომ თუკი ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ხელისუფლება და პროკურატურაა, რადგან ბრალდებები მათ წინააღმდეგ, აბსურდული და თითიდან გამოწოვილია.
ამავდროულად, ივერი მელაშვილის ადვოკატი გირაოს თანხის, ასევე, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული, თანამდებობიდან მელაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.