"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "დაცვის სტრატეგიად ვერსიის არჩევა, რომ გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის, მოღალატეობრივი საქციელი". ის "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, რომ ივერი მელაშვილს თავი დაანებონ.
"მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ერთი რამ გითხრათ, დაცვის სტრატეგიად ვერსიის არჩევა, რომ გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის, მოღალატეობრივი საქციელი და ნაცმოძრაობას ვურჩევ, იმ ადამიანს დაანებონ თავი. ეს მე არ ვიცი ზუსტად, სერიოზული ეჭვი შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით, რომ წარსულში რაღაც მიუთითა ვინმემ ამ ადამიანს, მაგრამ დღეს ასეთ განცხადებებს ნუ აკეთებენ და კიდევ არასწორ მტკიცებულებებს ნუ ქმნიან, რაც რეალობასთან არ მოდის შესაბამისობაში.
შემიძლია, გავახსენო ამ კონკრეტულ ადამიანსაც, მთელ ნაცმოძრაობას და ან იმ ადამიანებს ვინც, ურჩევენ, ეს განცხადებები აკეთოს ამ კონკრეტულმა ადამიანმა, არა მხოლოდ რაღაც პათოსის და განცხადებების დონეზე, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიით, არა მხოლოდ ვიღაცის, როგორც მან თქვა, პოზირებით კონკრეტულ ადგილებზე, არამედ კონკრეტული მტკიცებულებებით, კონკრეტული შეთანხმებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის, დასტურდება, რომ ტერიტორია, რომელიც იყო სადავო, არის საქართველოს ტერიტორია", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან ექნებათ მოლაპარაკებები და "დალაგდებიან".
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ არ სურს ვინმეს ვაჭრობის საგანს წარმოადგენდეს. მისი თქმით, თუ ოპოზიცია რამეზე შეთანხმდა, მაშინ ეს შეთანხმება ყველამ უნდა დაიცვას. რაც შეეხება გარეჯის საკითხს, მელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საზიანოდ ერთი გოჯიც კი არ შეთანხმებულა. მან ასევე გამორიცხა რაიმე ტიპის ზეწოლა ზემდგომი პირებისგან და თქვა, რომ ბრალდება სრულიად აბსურდულია.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
გირაოს თანხა ორივე ბრალდებულისთვის მოქალაქეებმა 2 საათში შეაგროვეს. 20-20 000 ლარი კარტოგრაფების მხარდასაჭერად შეგროვება მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივა იყო, რომელიც ფულს ოჯახს გადასცემს.