პარტია მოქალაქეების წევრებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, გიორგი რურუას თემა დღის წესრიგიდან ამოაგდეს. მათ რურუას შესახებ რამდენჯერმე დასმულ შეკითხვას დღეს თავი აარიდეს.
გიორგი რურუას მეუღლე, სოფო სიხარულიძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
"საერთოდ ვერ ვხედავ კავშირს პოლიტიკურ პატიმრებსა და ვინმეს პარლამენტში შესვლას შორის იმიტომ, რომ მგონია ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან ციხეში ყოველი დღე მათი იქ გატარებული არის დანაშაული ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მათი გათავისუფლება პირველ რიგში არის აუცილებელი მოლაპარაკების გასაგრძელებლად", - ამბობს სოფო სუხარულიძე.
თეთრი ძაფით შეკერილი საქმე - ასე აფასებს რურუას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობას და ამბობს, რომ პოლიტპატიმრის გათავისუფლება ქვეყნის რეპუტაციისთვის არის მნიშვნელოვანი:
"ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა რჩება უკანონო პატიმრობაში და ის უკვე წელი და სამი თვეა იმყოფება უკანონო პატიმრობაში. მისი საქმე არის თეთრი ძაფით შეკერილი ეს არის თვალსაჩინო მაგალითი პოლიტიკური დევნის და ზოგადად არამხოლოდ ჩვენთვის, გიორგი ადვოკატებისთვის ან მისი ოჯახისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არ ხდებოდეს ადამიანების დევნა პოლიტიკური შეხედულებების გამო", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა
შეგახსენებთ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა ის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს აყენებდა.
ამავე თემაზე:
რა წერია მემორანდუმში რომელიც "ოცნებამ" და "მოქალაქეებმა" გააფორმეს - სრულად
შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.