ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს პირველ განცხადებას ივერი მელაშვილი პასუხობს. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რომელიმე განცხადების გაკეთებისას ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ უშლის საქმეს ხელს ურაპატრიოტული განცხადებების გაკეთება გარეჯზე, მათ შორის ბერების მხრიდან.
"ჩემი დიდი სურვილია, რომ წერტილი დაესვას ამ გაუთავებელ სიბინძურეს, სიყალბეს, რაც ახლა პროკურატურის მიერაა წარმოებული", - თქვა ივერი მელაშვილმა.
საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა რელიგიის ასოციაციაც, მათი აზრით, საპატრიარქო ახლა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს, რაც საგამოძიებო პროცესს მნიშვნელოვნად უშლის ხელს. ისინი სასულიერო პირებს და საპატრიარქოს მოუწოდებენ, არ გააკეთომ რადიკალური განცხადებები.
"განცხადების შინაარსზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი ნათლად სჩანს, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში გვევლინება დაინტერესებულ მხარედ, რომელიც ცდილობს მოახდინოს ხისტი და აგრესიული ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებზე. [...] ამავე დროს, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლები თუ მათთან ასოცირებული პირები, სასულიერო პირებთან ერთად, ახდენენ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დემონიზებასა და დისკრედიტაციას, რაც ხელს უშლის გამოძიების ობიექტურად და დაუბრკოლებლად წარმართვას.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, თავი შეიკავოს საზოგადოების მაპროვოცირებელი განცხადებისაგან და დააცხროს ეგზლატირებულად განწყობილი სასულიერო პირები, რომლებიც "გარეჯი საქართველოა" – ს ხშირ შემთხვევაში ფარისევლური შეძახილებით იფარგლებიან, თუმცა კი საპატრიარქოს მმართველი აპარატის მსგავსად, არასდროს არ რეაგირებენ არც რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ეპარქიების მითვისებისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის ამჟამინდელ, უმძიმეს მდგომარეობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურნენ ყოფილი პატიმრები და ისნის საოლქო კომისიის წევრები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე.
"საზღვრების დემარკაცია ხდება ორ სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკების შედეგად, ეს ფაქტი არ დამდგარა და არც არასდროს არ ყოფილა. შესაბამისად, აბრალებენ ისეთ რაღაცას, რაც არ მომხდარა" - თქვა აკაკი ხუსკივაძემ.
აკაკი კობალაძის შეფასებით კი, თუ საპატრიარქოს დახმარება უნდა, შეუძლია მაღალი სტანდარტის ჯგუფი შექმნას, რომელიც საკითხს მეცნიერულად შეისწავლის და, თუნდაც დავითგარეჯის ძეგლის პიარს გააკეთებს.
საპატრიარქოს განცხადებას უპასუხა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემაც. მან აღნიშნა, რომ კითხვები, რაც განცხადებაში ეკლესიას სახელმწიფოსა და პროკურატურის მიმართ აქვს, მათაც აწუხებთ და აინტერესებთ პასუხები.
ეკლესიას წარმომადგენლებს აინტერესებთ საქმეზე ახალი გარემოებებისა და რუკების გამოჩენის შემდეგ მოხდა თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა და არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის სხდომა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესია დაინტერესებული არაა ადამიანის პატიმრობით და ვინმეს დასჯით, თუმცა აინტერესებთ, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელმწიფოს მიწებს. განცხადებაში საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
გირაოს თანხა ორივე ბრალდებულისთვის მოქალაქეებმა 2 საათში შეაგროვეს. 20-20 000 ლარი კარტოგრაფების მხარდასაჭერად შეგროვება მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივა იყო, რომელიც ფულს ოჯახს გადასცემს.