ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქომ ორდღიანი დუმილი დაარღვია. ეკლესიას წარმომადგენლებს აინტერესებთ საქმეზე ახალი გარემოებებისა და რუკების გამოჩენის შემდეგ მოხდა თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა და არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის სხდომა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესია დაინტერესებული არაა ადამიანის პატიმრობით და ვინმეს დასჯით, თუმცა აინტერესებთ მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს.

განცხადებაში საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.

განცხადების ერთი ნაწილი ივერი მელაშვილის დისკრედიტაციას ეთმობა. ეკლესია ამბობს, რომ მისი პათოსი გაურკვევლობას იწვევს და ეთერებში გაკეთებულ განცხადებებს შეურაცხმყოფელად აფასებს. 

"გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.

როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს... და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?

სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში", - წერს საპატრიარქო.

საპატრიარქოს ეს განცხადება დღეს ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ შეაფასა, მისი თქმით, ის კითხვები რასაც ეკლესია სახელმწიფოს მიმართ სვამს ადვოკატებსაც აქვთ. უფლებადამცველის გაცხადებით, აინტერესებთ 4-თვიანი გამოძიების ფარგლებში რა დასკვნამდე მივიდა საბოლოოდ გამოძიება და ხელისუფლება. 

"მე ვფიქრობ, რომ ის კითხვები რაც პროკურატურის მიმართ საპატრიარქოს მიერ და სახელმწიფოს შემდგომ ნაბიჯებში აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ჩვენ პირიქით, ჩვენც ველოდებით სწორედ ამ კითხვებზე პასუხს, სახელმწიფოს შემდგომ ნაბიჯებს. 

გმირად მოვნათლეთ ხიდაშელი, რა განახორციელეს ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღმოჩენის შემდეგ, თუ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარი პოზიცია ჩამოყალიბებული, გაურკვეველია ან ბრალის წარგდენა როგორ განხორციელდა", - თქვა ნესტან ლონდარიძემ. 

რა იგულისხმა ივერი მელაშვილმა, როცა თქვა, რომ გარეჯში ჩასული სასულიერო პირები და პოლიტიკოსები აკეთებენ "ურა პატრიოტულ" განცხადებებს, ეს მან ერთხელ უკვე განმარტა. მისი თქმით, მაშინ როცა კომისია საზღვრის დადეგნის საკითხზე მუშოაბს "გარეჯი საქართველოა" ფრაზის გამოყენება და შემდეგ ამ მიმართულებით სამართლებრივი ნაწილის დავიწყება არასწორია. 

"საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ის, რაც გააკეთა და უდიდესი პატივისცემა მის მიმართ, ჩემს განცხადებებში მე არ შევხებივარ არცერთ შემთხვევაში, უდიერად არ მომიხსენებია ზოგადად, ღმერთმა დამიფაროს, არც დედა ეკლესია არც საპატრიარქო, და მე უპირველეს ყოვლისა ვარ ქართველი, მართლმადიდებელი ვარ მთელი შეგრძნებით, მთელი გულით და სულით. 

მე ვილაშქრებ რისი წინააღმდეგ - პროცესი თვითონ რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაციას და მათ შორის დავით გარეჯის ქედს გადაღმა, არსებული კელიები და ბერთუბნის მონასტერი, პროცესი, ეს არის ძალიან წყნარად, სკურპულოზულად,  მიზანდასახულად სამუშაო პროცესი. ეს არცერთ შემთხვევაში, ამ პროცესში ხელს არ უწყობს და ხელს უშლის რაღაც ურაპატრიოტული და მსგავსი უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელი განცხადებები. ეს არ ეპატიება არც იმ პოლიტიკოსებს, არც საზოგადოების სხვა მოღვაწეებს, ვინც დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ, ურაპატრიოტული გრძნობით აკეთებენ ამ განცხადებებს მითუმეტეს არ ეპატიება ისეთ შემადგენელ ნაწილს, როგორიც არის ბერი, აი ამის მიმართ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი განცხადებები, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს გალაშქრებას დედა ეკლესიის წინააღმდეგ", - თქვა ივერი მელაშვილმა. 

10 თებარვალსაა ჩანიშნული სხდომა, სადაც მტკცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ შემდეგ კი სასამართლო პროცესები გაგრძელდება. 

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ციხეში დაბრუნება მოუწევთ. 

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

გირაოს თანხა ორივე ბრალდებულისთვის მოქალაქეებმა 2 საათში შეაგროვეს. 20-20 000 ლარი კარტოგრაფების მხარდასაჭერად შეგროვება მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივა იყო, რომელიც ფულს ოჯახს გადასცემს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი