"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიამ კიდევ ერთი შანსი მისცა ოპოზიციის დეპუტატებს და თავს შეიკავებენ მანდატების შეჩერებაზე. მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას მიეცა შანსი სახელმწიფოებრივად მოქცნენ.
"ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ ისინი გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება ერთი მხრივ, მოსახლეობის და ამომრჩევლის მინიმუმ 2/3-ის გამომხატველი. 39% არის ის რიცხვი, რომლებსაც წარმოადგენენ საპარლამენტო ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს მანდატების შეწყვეტას ითხოვენ და რისგანაც ჩვენ თავს შევიკავებთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, ბევრი ოპოზიციონერი თავს იკავებს კამერებთან გამოჩენისგან და არ ხსნიან მათ პოზიციას, სწორედ ასეთ დეპუტატებს მისცეს კიდევ ერთი შანსი.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებენ ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატები შეუჩერონ. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლა. კობახიძეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
ამავე თემაზე: