დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ყველა შეზღუდვა ერთბაშად მოიხსნება ერთ თვეში დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაც მეორე ტალღის დროს გვქონდა.
"დღეს ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით დაახლოებით იგივე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. არ გვინდა, რომ ძალიან მძიმე ტალღა გამოვიარეთ მოგეხსენებათ და არ გვინდა ის ტალღა გადავიტანოთ. ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს – "სიფრთხილეს თავი არ სტკივაო". ფრთხილად უნდა ვიაროთ.
ყველა მომხრეა, რომ შეზღუდვები არ იყოს, ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან და დაკვირვებითა და ეპიდსიტუაციაზე მონიტორინგით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, რესტორნებში, გარდა შეკრებისა, სხვა რისკიცაა, მაგალითად, ალკოჰოლის მიღებისიას შეიძლება ბევრი ახლო კონტაქტი იყოს.
"კიდევ ერთხელ ვამბობ, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესიც გაიხსნება, მოხდება ეს გარკვეული რიგითობით. ერთერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტია", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლას თვითნებურად გაიხსნება.