საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხელისულფება ამბობს, რომ მაკო გომურს მკურნალობის დაფინანსებას აღუდგენს. თუმცა მაკო გომური 20 ივნისის დარბევის ერთადერთი დაზარალებული არაა, რომელიც სახელმწიფომ თვეების მანძილზე უყურადღებოდ დატოვა.
"დღეს დავდექი აი ამ პრობლემის წინაშე, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად უარი განაცხადა ჩემი მკურნალობის გაგრძელებაზე და არა მარტო ჩემი, მათ შორის გიორგის, ბატონი კობა ლეთოდიანის და სხვა დაზარალებულებისაც. არ აღმოჩნდა საკმარისი რაც გაგვიკეთა ჩვენ, ამ დაზარალებულებს და ახლა ჩვენ მკურნალობაზეც ამბობს უარს", - თქვა მაკო გომურმა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც თანამდებობა ავთო თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა არ გამოჩენილა პირი, რომელიც ინფორმაციას მიაწვდიდა.
"იანვრის შუა რიცხვებში უკვე უნდა ვყოფილიყავი გერმანიაში და ოპერაცია უნდა ჩამტარებოდა, უნდა მომხდარიყო გადანერგვა და უბრალოდ ვერ გავარკვიე ვისთან უნდა მივსულიყავი. თუ აიღეს საკუთარ თავზე და თვლიან, რომ 20 ივნისი მათთვის სენსიტიური საკითხია, როგორც ადრე გვეუბნებოდნენ მაღალჩინოსნები, როგორც ჩემ ძმას გიყურებ, როგორც ჩემს შვილს გიყურებ, კეთილი ინებონ, დაგვირეკონ და ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე", - თქვა კიდევ ერთმა დაზარალებულმა, გიორგი სულაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართული ოცნების" წევრებმა მაკო გომურის განცხადებას დღეს უპასუხეს. მათი თქმით, სახელმწიფო დაზარალებულებზე ზრუნავს კვლავაც გააგრძელებს.
"დიდი დანაკარგის გამო რაც ამ ახალგაზრდამ განიცადა მას აქვს დაზარალებულის სტატუსი, მასზე ზრუნავს სახელმწიფო. მთელი ამ პერიოდის მანძილზე თავად პოსტიდან იკითხება, რომ ყველაფერი უტარდებოდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა ის ტვირთი, რომელიც მას ჰქონდა 20 ივნისის შემდგომ და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამინისტრო გააკეთებს სათანადო რეაგირებას", - თქვა ნინო წილოსანმა.
მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომელებმაც "გავრილოვის ღამეს" სპეცრაზმელების ნასროლი ტყვიების გამო თვალი დაკარგეს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ ვეღარ მიდიან. მაკო გომურს თვალის პროთეზი დაუზიანდა, სპეცოპერაციის დამგეგმავი ხელისუფლება კი უკვე ერთი თვეა დახმარებაზე უარს ეუბნება.