იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ დღეს თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში 700-მდე მტკიცებულება მოიპოვა და ქვეყნის წინაშე არსებული ვალდებულება პირნათლად შეასრულა.
მის საპასუხოდ, 2008 წელს საქართველოს ახალდანიშნული წარმომადგენელი სტრასბურგში, ლევან მაცხორაძე ამბობს, რომ მტკიცებულებები 2012 წლამდე და მის შემდეგ არ დაუყვიათ. მაცხორაძე იყო ადამიანი, რომელმაც 6 თებერვლას, საჩივრის წარგდენის ბოლო დღეს 23 კილო დოკუმენტები ჩაიტანა სტრასბურგში.
"სიმართლე გითხრათ, მე როგორც წარმომადგენელს ამ საქმეზე არ გამიყვია მტკიცებულებები 2012-მდე და 2012-ის შემდეგ, ეს ერთობლივად იქნა შესწავლილი. კონვენციის მიხედვით, როცა საჩივარი შედის სახელმწიფოთა შორის დავაზე, უნდა იქნეს წარდგენლი საილუსტრაციო მტკიცებულებები, რომ საქმე მიჩნეულ იქნეს დასაბუთებულად და დასაშვებად, ის ფაქტი, რომ 2011 წელს ეს საქმე დასაშვებად იქნა ცნობილი, ალბათ მეტყველებს, რომ იმ დროისთვის საკმარისი მტკიცებულება იყო", - თქვა ლევან მაცხორაძემ.
მისი განცხადებით, დავა საქმეზე 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველა ეტაპზე გაკეთდა ის, რისი გაკეთებაც საქართველოს მოეთხოვებოდა.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა.
ამავე თემაზე: