
გასულ კვირას რუსეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ბორელი იმყოფებოდა და ამ ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა კრემლის აგრესიული დამოკიდებულება ევროპელ პარტნიორებთან. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ ბორელმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრებით გაწბილებული დარჩა.
ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს მართავდა, როდესაც ქვეყნიდან სამი ევროპელი დიპლომატი გააძევეს, ბოლოს კი ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირს არასანდო პარტიორი უწოდა.
ბორელის ვრცელ წერილში, რომელიც მან მოსკოვიდან ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნა, ასევე ნათქვამია, რომ ლავროვთან შეხვედრისას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც იქნა წამოჭრილი.
ეს თემა ლავროვს რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტონი ბლინკენმაც შეახსენა სატელეფონო საუბრისას. საერთო ჯამში, ბორელის ვიზიტი მოსკოვში ცალსახად წარუმატებელი გამოდგა და მას ევროკავშირშიც საკმაოდ მძაფრი კრიტიკა ხვდა წილად.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ახალი პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის საკითხზე წარმოთქმული სიტყვაში -
რუსეთს ჯო ბაიდენმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო. მისი თქმით, დრო, როდესაც ვაშინგტონი თვალს ხუჭავდა მოსკოვის აგრესიულ ქმედებებზე, კიბერთავდასხმებსა და საკუთარი მოქალაქეების მოწამლვის ფაქტებზე, წარსულს ჩაბარდა.