"პორშე" რომ "რუსთავი-2"-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი"- ნიკა გვარამია პროკურატურის ბრალდებაზე

გამოქვეყნდა:

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს განახლდა სასამართლო პროცესი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელიც "რუსთავი-2"-ის ეპიზოდს, კონკრეტულად კი  "პორშეს" შეძენას უკავშირდება, რითაც, პროკურატურის მტკიცებით, სამაუწყებლო კომპანია დაზარალდა. 

ნიკა გვარამია მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "პორშე" არ შეუძენია, რადგან "შეძენა ნიშნავს საკუთრებაში გადასვლას", მანქანა კი მის საკუთრებაში არ ყოფილა.

"არ შემიძენია, იმიტომ რომ, შეძენა ნიშნავს საკუთრებაში გადასვლას. ეს „პორშე“ არასდროს ყოფილა საკუთრებაში. ნამდვილად დღეს დადასტურდება, რომ არსებულ ბიუჯეტს ზემოთ იყო ეს „პორშე“. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შემიძენია, არასდროს ჩემს საკუთრებაში არ გადმოსულა. იყო სარეკლამო ფირმის საკუთრებაში, მქონდა განვადების ხელშეკრულება და ჩემს საკუთრებაში მაშინ გადმოვიდოდა, როცა სრულად გადავიხდიდი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, შეეძლო ეს ავტომანქანა "რუსთავი-2"-ის გვერდის ავლითაც შეეძინა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. 

"ეს „პორშე“ შემეძლო „რუსთავი 2“-ის გვერდით ავლით მეყიდა "ტოიოტა ცენტრისგან" და ის ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა. მე, როგორც ყოველთვის ვიმუშავე ჩემი კომპანიისთვის და, როგორც ყოველთვის, ტყუის პროკურატურა, რომ რამე შევიძინე.

განვადების ხელშეკრეულების თანახმად, ეს მანქანა მხოლოდ ფულის სრულად გადახდის შემთხვევაში გადმოვიდოდა ჩემს საკუთრებაში. არსებობს საქმეში, რომ ყოველთვიური გადასახადი მქონდა. მას მერე, რაც ჩამომართვეს, რატომ უნდა გადავუხადო ან სად უნდა წავიღო. საბოლოოდ, რუსთავი 2-ს დაუბრუნდა", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ მანქანასთან დაკავშირებული საკითხები პრობლემატურად არ ჩაუთვლია:

"უკაცრავად, მე რომ დამალვა მნდომოდა, როგორც კი „რუსთავი 2“-ში ამბავი დაიწყო, ამ მანქანას ეგრევე მოვიშორებდი, არც მომიშორებია, რადგან არ ჩამითვლია, რომ საკითხი პრობლემატური იყო. ხელშეკრულება მქონდა და გადახდა უნდა დამეწყო სექტემბერში, უბრალოდ, პროკურატურას არ უნდა, თქვას, რომ არსებობს ეს მასალა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ პროცესის დაწყებამდე, მედიასთან საუბრისას.

"მთავარი არხის" გენდირექტორის თქმით, გაუგებარია, რა საჭირო იყო "პორშეს" თვალთვალი. მისივე თქმით, "პორშე" რომ ნდომოდა, შეეძლო, ის პრემიადაც გამოეწერა: "ამაზე დიდი პრემიები მიმიცია ჩემი თანამშრომლებისთვის", - თქვა მან. 

"გაუგებარია, რა საჭირო იყო თვალთვალი ამ "პორშესი". და მთავარი, მეგობრებო: მე რომ „პორშე“ მდომოდა „რუსთავი 2“-ის ხარჯზე, ჩალიჩი რაში მჭირდებოდა? - პრემიად გამოვიწერდი ერთ „პორშეს“, ამაზე უფრო დიდი პრემიები მიმიცია ჩემი თანამშრომლებისთვის, საკუთარი თავისთვის არა, მაგრამ ჩემი თანამშრომლებისთვის მიმიცია ბევრად მეტი. რაში მჭირდებოდა ჩალიჩი, სარეკლამო ფირმების, შუამავლების, ხელშეკრულების მეშვეობით, პრემიად გამოვიწერდი პირდაპირ, მარტივად", - თქვა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

თავდაპირველად, პროცესი 2020 წლის 1 დეკემბერს ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ, კოვიდპანდემიის კონტექსტში, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო, 2 თებერვალს კი ხელახლა ჩანიშნა. საქმის არსებითი განხილვა დღეს, 11 თებერვალს დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი