"ჩემთან თქმა მაინც შეუძლიათ და თქვენთან ვერც იტყვიან, არც უშვებთ შენობაში" - ნიკა გვარამია ტვ "იმედს"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მედიასთან საუბრისას, ტვ "იმედის" ჟურნალისტის რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა, სადაც ჟურნალისტი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის კომუნიკაცია და მოახდინა თუ არა ზეწოლა რესპუბლიკური პარტიის ერთერთ ლიდერზე დავით ბერძენიშვილზე, რომელმაც გუშინ "მთავარი არხის" მიმართ კრიტიკული პოსტი "ფეისბუქზე" დაწერა, მაგრამ მალევე წაშალა. 

ნიკა გვარამიამ ამის შემდეგ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ "მთავარ არხსა" და რესპუბლიკურ პარტიას შორის ინციდენტი ამოწურულია.

ნიკა გვარამიას პასუხმა, რომ დავით ბერძენიშვილთან კომუნიკაცია მხოლოდ "ფეისბუქზე" კომენტარით ჰქონდა, ტვ "იმედის" ჟურნალისტი არ დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას გადაცემაში განსხვავებული პოზიციისა და "მწვავე კითხვების მიუღებლობაზე" დაუსვა შეკითხვა, რაზეც "მთავარი არხის" გენდირექტორმა კონტრშეკითხვით უპასუხა: "თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, როდის გყავდათ სტუდიაში ოპოზიციის ლიდერი?"

"მე ასეთი გადაცემა მაქვს, ასეთი სტილი მაქვს, ვისაც უნდა, მოდის... მწვავე შეკითხვები მიუღებლობას არ ნიშნავს, ჩემთან თქმა მაინც შეუძლიათ და თქვენთან ვერც იტყვიან, იმიტომ რომ არც უშვებთ შენობაში" - უთხრა ნიკა გვარამიამ ტვ იმედს. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

თავდაპირველად, პროცესი 2020 წლის 1 დეკემბერს ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ, კოვიდპანდემიის კონტექსტში, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო, 2 თებერვალს კი ხელახლა ჩანიშნა. საქმის არსებითი განხილვა დღეს, 11 თებერვალს დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი