
"ქართული ოცნების" ოფისში, სადაც ამ წუთებში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ტარდება, პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი პარკინგიდან შედის, რათა ოფისის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან პირისპირ შეხვედრას თავი აარიდოს.
პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ცოტა ხნის წინ ოფისში მივიდა და მთავარი შესასვლელით ისარგებლა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი ის შეძახილით "მონა!" გააცილეს.
ამის შემდეგ დეპუტატები და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები მთავარ შესასვლელთან არ გამოჩენილან, ისინი პარკინგით სარგებლობენ და წინა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, მანქანებიდან ცენტრალურ შესასვლელის გასწვრივ არ გადმოდიან.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა 16:00 საათზე დაიწყო, სხდომაზე, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირების საკითხს განიხილავენ.
მთავრობის ფორმირების საკითხი კი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია "ქართული ოცნებიდანაც" წავიდა - ექსპრემიერი პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრება.
კანონით გაწერილი პროცედურების მიხედვით, პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობას, რომელსაც მმართველი პარტია წარადგენს, ორი კვირის ვადაში მხარი უნდა დაუჭიროს. ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობის ხმები საკმარისია.
მმართველი პარტიის ოფისის წინ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ აქტივისტებმა პარტიის ოფისთან სამგლოვიარო ყვავილების გვირგვინი მიიტანეს.