"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ადვოკატები სააპელაციოში ასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა.
"განჩინებაში არ წერია თითქმის არაფერი გარდა შაბლონური ტექსტებისა, ნიშანდობლივია, რომ ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არის არაკონსტიტუციური და ამიტომ გუშინ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს ხდება გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებლოდეს მისი გასაჩივრება", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს კონსტიტუციას და გამოიყენოს ის, როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი. სააპელაციო სასამართლოს საჩივრის მიხედვით 72 საათიანი ვადა აქვს, თუმცა შეიძლება შუამდგომლობა ვადით არ შემოისაზღვროს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დაკავების აღსრულება გადადო და ამის მიზეზად პრემიერობიდან, გიორგი გახარიას გადადგომა დაასახელა.
ნიკა მელიას მოსამართლე ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობად, 17 თებერვლის სასამართლო სხდომაზე შეუცვალა.