ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიქსი, კომიტეტის წევრ მაიკლ მაკკოლისთან და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ჯერი კონოლთან და ადამ კინზინგერთან ერთად საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
ამერიკელი პოლიტიკოსები წერენ, რომ ქართველი ხალხის წლების შრომას - უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობისთვის სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
"როგორც საქართველოს მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებას, თბილისში მომხდარი მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად გადამეტებული და ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ და ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობის დაწყებისკენ, რათა ჯანმრთელი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვა დაიწყოს.
ჩვენ ვშიშობთ, რომ უმცირესობათა პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების საქმეში", - წერია განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. ამავე თემაზე: