საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ჯანმოს დირექტორს საინტერესოდ და პროდუქტიულად ესაუბრა, მაგრამ რაც მან არ დაწერა, ისაა, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია ზუსტი დრო, როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
საინტერესო და პროდუქტიული საუბარი მქონდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.
ვისაუბრეთ პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.
როგორც ცნობილია, გარდა COVAX-პლატფორმისა, ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მივიღოთ და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
საქართველოში ვაქცინის შემოტანა ხელისუფლებამ არაერთხელ დაანონსა. ერთერთი ანონსის თანახმად, ვაქცინა თებერვალში უნდა შემოსულიყო, მაგრამ გადაიდო. სავარაუდოდ, სწორედ გიორგი გახარია და მისი გუნდი მუშაობდნენ ვაქცინასთან დაკავშირებით, ხოლო პრემიერის გადადგომის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა.