სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად დღეს, 2 მარტს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვაში სასამართლოს მეგორბის დამცველის სტატუსით ჩართონ. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

წარდგენილ დასკვნაში სახალხო დამცველი წერს, რომ კარტოგრაფების საქმის წარმოებაში არაერთი პროცედურული დარღვევა იყო და დაცვის მხარეს საქმის მასალებისა, თუ მტკიცებულებების მოპოვებაში ხელი ეშლებოდა. 

"კარტოგრაფების საქმის წარმოება მართლმსაჯულების ინტერესებს სცდება", - აღნიშნავს ის.

სახალხო დამცველისა და არასამათავრობო ორგანიზაციების სასამართლოს მეგობრის სტატუსით საქმეში ჩართვას ეწინააღმდეგება ბრალდების მხარე. პროკურორის განცხადებით, ომბუდსმენის დასკვნაში ფაქტობრივი გარემოებებია დამახინჯებული.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ინფორმაცია წინააღმდეგობაში იყო, ზოგადად სასამართლოს მეგობრის სამართლებრივ ინსტიტუტთან, რადგან უამრავი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოება იყო დამახინჯებული", - ამბობს პროკურორი, მიხეილ სადრაძე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ივერი მელაშვილის ადოკატის, გიორგი მშვენიერიძის, განცხადებით, სახალხო დამცველის დასკვნა ლოგიკურია, პროკურატურა კი ცდილობს, რომ დანაშაულის ილუზია შექმნას.

"ეს არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის, შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. სადაც საუბარია და აღწერილია არა მარტო ის დაბრკოლებები, რომელსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რასაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა. ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის წესებს. 

პროკურატურას აქვს არჩეული სტრატეგია, ცდილობს ამოგლიჯოს კონკრეტული სიტყვები და შექმნას დანაშაულის ილუზია", - თქვა გიორგი მშვენიერაძე.

ცნობისთვის, დღეს კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მომდევნო სასამართლო სხდომა 29 მარტს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი