"თუ მიხვდებიან, რომ საჭიროა გიორგის გათავისუფლება, ეს მათ არ გაუჭირდებათ", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას მეუღლემ, სოფო სიხარულიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
ძალიან მარტივი საქმეა. როდესაც ამის პოლიტიკური ნება იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც შეუძლიათ გიორგის გამოშვება და ასევე, პრეზიდენტთან არის თუ არ ვცდები, 20 ათასამდე ხელმოწერა საზოგადოების მხრიდან. ჯერ კიდევ მგონი ოქტომბერში შეიტანეს და სთხოვდნენ მას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და გიორგის გათავისუფლებას. ასე რომ, თუ მიხვდებიან, რომ საჭიროა ნამდვილად მისი გათავისუფლება, არ გაუჭირდებათ გზის პოვნა რომ გამოუშვან გიორგი ციხიდან, - ამბობს სოფო სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
ამის შემდეგ, 2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა, თუმცა პირობას "ოცნება" ამ დრომდე არ ასრულებდა.
8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.