მთავრობის სხდომაზე, სადაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთის კრიტიკული განცხადებები და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი არც კი ახსენა, დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც იმსჯელებენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დასაწყისში აღნიშნა, რომ ამ პროექტს ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომაც, ხელისუფლება დაიწყებს ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს.
"ჩვენმა ხელისუფლებამ, მოგეხსენებათ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი.
არაერთხელ გადავადდა ვალდებულებები, მათ შორის, ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ, ჩვენ ავიღეთ ასევე პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც, საპარტნიორო ფონდი მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ. დოლარის ოდენობით, თუმცა, მოგეხსენებათ, ინვესტორმა ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ახალი, პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა, დღევანდელ სხდომაზე, ძირითადად, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრიორიტეტი სწორედ ესაა. მას არ უხსენებია არც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შედგენილი ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება და არც დასავლეთის კრიტიკული განცხადებები.
"|ეკონომიკურ| პრობლემებზე უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა მიმართული და არა პოლიტიკურ კინკლაობაზე და ასე ვთქვათ, ურთიერთდაპირისპირებაზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მილიარდნახევრიანი პროექტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას - საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც კონსორციუმს პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების უფლება მიენიჭა.
2019 წლის გაზაფხულში, ბიძინა ივანიშვილის სკეპტიკური განცხადებების შემდეგ, ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, შეაჩერა ანკლიის პორტის მშენებლობა ანაკლია ფოთით ჩაანაცვლა, რასაც ოპოზიციისა და საერთაშორისო მეგობრების მხრიდან განგაში მოჰყვა. მთ შორის იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომლის განცხადებიდან მეორე დღესვე, ხელისუფლებამ კონსორციუმს მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივა.
ამავე თემაზე: