
ბერა ივანიშვილის სადამსჯელო დავალების შემსრულებელი და აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ანზორ ჩუბინიძე მედიასთან ისევ არ ჩნდება.
დღეს "მთავარმა არხმა" მხოლოდ მაღალჩინოსნის დედასთან მოახერხა გასაუბრება, რომლის მტკიცებითაც ანზორ ჩუბინიძე სახლში არ იმყოფება და ის სავარაუდოდ სამსახურშია.
"სამსახურშია ალბათ, არ ვიცი", - ამბობს ანზორ ჩუბინიძის დედა
სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსი სოფელ დიღომში საკუთარ სახლში მას შემდეგ გამოიკეტა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის ოლიგარქის ვაჟის პირადი სადამსჯელო რაზმით იმ ადამიანებს უსწორდებოდა, ვინც ივანიშვილების ოჯახზე სოციალურ ქსელში უარყოფით კომენტარებს დაწერდა.
ანზორ ჩუბინიძე "ტვ პირველის" ეთერში 6 მარტს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს მხოლოდ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა და ამბობს, რომ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო და "ამას იუმორის გარეშე ვერ მიიღებს".
აუდიოჩანაწერებზე საუბარი არც პრეზიდენტმა ისურვა და აუდიოჩანაწერებზე დასმულ კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ამავე თემაზე: