მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, უერთგულონ კონსტრუქციულ დიალოგს - ჯოზეფ ბორელი საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები მიმდინარეობს, ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სიტყით გამოვიდა. ამბობს, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის გამო, პოლიტიკური ვითარება შეშფოთების საფუძველი გახდა. 

მისი განცხადებით, ეს ვითარება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველ რისკებს ქმნის. ბორელი მიიჩნევს, რომ სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ნიადაგის მოსაძებნად ყველა მხარემ უნდა იმოქმედოს. 

მოუთმენლად ველით საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას. ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ პროცესსაც მედიაციას გაუწევს. კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას და მათ პროვოკაციული ქმედებებისგან და რიტორიკისგან თავი უნდა შეიკავონ, - ამბობს ბორელი. 

ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა 16 მარტს, ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას - "გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ". მისივე თქმით, პოლიტიკურ კრიზისში დიდხანს ვერცერთი ქვეყანა გაძლებს. 

პოლიტიკური აქტორების ვალია ქართველი ხალხის წინაშე, რომ შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური კონტექსტი. პრეზიდენტ მიშელთან ერთად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, უერთგულონ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ დიალოგს, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად, - აცხადებს ბორელი. 

ევროპელი დეპუტატები მიესალმებიან შარლ მიშელის გადაწყვეტილებას, გამოგზავნოს საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი - კრისტიან დანიელსონი, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღეში ჩამოვა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი კი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი