
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების შეფასებისას ოპოზიცია ცალსახად ამბობს, რომ ევროპარლამენტართა მკაცრი შეფასებები, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის უნდა იყოს საყურადღებო.
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს ან, მაქსიმუმ, ხვალ უნდა დაიწყოს.
"მთელი მსოფლიო ელის პროგრესს იმ მოლაპარაკებიდან, რომელიც 16 მარტს ბრიუსელშია დაგეგმილი, შესაბამისად, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ხვალ-ზეგ, რათა რაღაც შედეგი დაიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა მოლაპარაკების ჩაშლაზე დაეკისრება ხელისუფლებას, - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა.
ოპოზიციაში ისევ მიიჩნევენ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
"ფაქტობრივად, ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ახალი არჩევნები ესახება სიტუაციიდან გამოსავლად, ამავე დროს, მხარს უჭერენ დიალოგს. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს პოზიციას, რადგან ჩვენ გვსურს, მოლაპარაკების პროცესი იყოს წარმატებული", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ამ დებატების დროს სიმძიმის ცენტრი მოინიშნა აშკარად ხელისუფლების მხარეს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი.
ამავე თემაზე: