უკიდურესი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გასაღები ვადამდელ არჩევნებშია - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროპარლამენტიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის. დებატების დროს, ევროპელი პოლიტიკოსები არ მორიდებიან "ოცნების" ხელისუფლების კრიტიკას და ღია მითითებებს, შეწყდეს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები.
როგორ გაიგო ოლიგაქის პოლიტიკურმა კლანმა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები, სულ მალე პრემიერ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტისას გაირკვევა, სადაც მას კონკრეტული შედეგებით ელოდებიან. თუმცა პარტნიორი სახელმწიფოები რომ "ოცნების" ხელისუფლების დაპირებებს არ ენდობიან, ევროპული
საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდანაც კარგად იკითხება - რამდენიმე საათში, თბილისში შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან.
დანიელსონის დანიშვნას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროპა სტაბილურობისთვის და დემოკრატიულობისთვის მუშაობას განაგრძობს.
ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1 მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.