
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია და რუსეთს საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვა სურს.
"ეს არის პროვოკაციული განცხადება, ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია მაღალ დონეზე შემოიტანოს საქართველოს მოსახლეობაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის სტრატეგიულ მთავარ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითად საკითხზე, მათ შორის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები და როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით", - ამბობს ზალკალიანი.
ზალკალიანის თქმით, რუსეთის ფედერაციას სწორედ საქართველოსა და ამერიკას შორის გაძლიერებული თანამშრომლობა აწუხებს.
ცნობისთვის, 9 მარტს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე, სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადება გამოქვეყნდა.
ნარიშკინის განცხადებით, ბოლო დროს ვაშინგტონში "ოცნების" მიმართ უკმაყოფილება იზრდება და თეთრ სახლში გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ მმართველი პარტიის წევრები სრულად არ ასრულებენ ევროატლანტიკური კურსის დაცვის დირექტივას.
ასევე იხილეთ: