
დღეს, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების მიხეილ ბატურინის, იური ხომიჩის და ვლადიმერ დიაჩენკოს საქმის სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, სხდომაზე პროკურატურის მოწმეებიც უნდა გამოცხადნენ. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია და საქმე პოლიტიკურია, უკრაინის მოქალაქეები კი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
"არ დგინდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა დანაშაული, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. მოწმეებმა თავად ჩაიდინეს სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული დიაჩენკოს, ხომიჩის და ბატურინის წინააღმდეგ. ესენი არიან სასაზღვრო პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებსაც მრავალი საათის მანძილზე, ფაქტობრივად დატყვევებული ჰყავდათ ეს სამი პირი, ყოველგვარი საპროცესო უფლებების განმარტების გარეშე. შეუძლებელია ამ საქმეში რაიმე ისეთი ტიპის მტკიცებულება იქნეს გამოკვლეული, რაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას მიუთითებს. ტერიტორიულ წყლებში გავლისა და მშვიდობიანი ყოფნის უფლება აქვს ნებისმიერ არასამხედრო გემს და ეს გემი იყო არასამხედრო", - ამბობს, ადვოკატი, ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებული სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.