ტვ პირველის ტელეწამყვანი და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და საქალაქო სასამართლოს განცხადებების მიუხედავად, საფრთხე განეიტრალებული არ არის და ძალოვნებს 9 აპრილამდე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ ტვ პირველში.
"საფრთხე განეიტრალებული არ არის, 9 აპრილამდე ნებისმიერ დროს შეუძლია ძალოვან უწყებას შემოვიდეს ტვ პირველში ან ჩვენთან სახლში, რადგან განჩინებაში მითითებული არ არის, საიდან უნდა მოხდეს ელექტრონული მატარებლის ამოღება. საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ თითქოს შაბლონური ტექსტი გადაიტანეს, მაშინ საინტერესოა, რატომ არ უქმდება განჩინება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან?", - ამბობს ნოდარ მელაძე.
ტელეწამყვანი ასევე შეეხო სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომელიც მას და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს უკავშირდება და რაზეც, შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაიწყო.
"გამოძიება დაიწყო ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის შესაძლო მოსპობის შესახებ და გვეუბნება შსს, ხომ არ გვინდა, ჩავჯდეთ მოწმეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. გვიმტკიცებთ რომ ვიღაცა გვკლავდა, ან ჩვენ გვიბარებთ გამოკითხვაზე, იქნება მეტი ვიცით? აქედან ჩანს ვახტანგ გომელაურის - ივანიშვილის პირადი მცველის დამოკიდებულება ჟურნალისტების სიცოცხლის მიმართ", - ამბობს "მთავართან" ნოდარ მელაძე.
შეგახსენებთ, 6 მარტს ტვ პირველმა სკანდალური აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ აგზავნიდა ბერა ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც სოცქსელებში ბერას აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ.
აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, ამ დრომდე აქციები ამ მოთხოვნით ისევ ტარდება და იგეგმება. მკაცრი შეფასებები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო, ხოლო საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლითაც პროკურატურას ნება დართო, ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოეღო, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი "გამოეყენებინა პროპორციული ზომები".
ეს განცხადება სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ კრიტიკულ მედიაზე შეტევად აღიქვა და ტვ პირველს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზი გაუსვა, რომ ტელევიზიაში ძალით შეჭრას არავინ აპირებს, ხოლო საქალაქო სასამართლომ განცხადებაში განმარტა, რომ განჩინებაში მოყვანილი ფრაზა პროპორციული ძალის გამოყენებაზე, წარმოადგენს სტანდარტულ დათქმას და ის არ გულისხმობს ტვ პირველში ძალით შეჭრის ნებართვას.