
შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი, ხვალ, 15 მარტის დილიდან, ისევ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დანიელსონმა ვიზიტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
გადავწყვიტე, პროცესის წინ წასასვლელად, ხვალაც დავრჩე თბილისში, ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, - ამბობს დანიელსონი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი დღეს, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა, მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.