
პუნქტებში, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი წინსვლაა, - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით, შევძლებთ ეს უთანხმოება ამოვწუროთ და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია.. თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრაგმატულ ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენ გადავდგით უკვე პრაგმატული ნაბიჯები და ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ... ...დემოკრატია არის მონაწილეობა, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მონაწილეობაზე, როგორ ვიმუშავებთ მომავალში. ეს არის ჩვენი ევროპული კოლეგების მოლოდინი, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ის საკითხები რაც ოპოზიციამ შარლ მიშელთან შეხვედრაზე დააყენა, მათ პარლამენტში შესვლას მოითხოვს. "ძალით არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას" - ამბობს თალაკვაძე.
ცნობისთვის, "ოცნებისა" და დანიელსონის შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში ჩასული პრემიერი ღარიბაშვილი შარლ მიშელს უკვე მეორედ ხვდება. ირკვევა, რომ შეხვედრიდან გამოსული პრემიერი, რამდენიმე წუთში, მიშელთან სასაუბროდ კიდევ ერთხელ, უკან შეაბრუნეს.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.
კრისტიან დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება კი შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.