საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე იმედს გამოტქვამს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგება. მანამდე კი ამბობს, რომ მათსა და ოპონენტებს შორის დიდი აზრთასხვადასხვაობაა მაგალითად არჩევნების გაყალბებისა და პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით.
რადიკალური აზრთა სხვადასხვაობაა და ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზე.. დავამტკიცეთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ოპოზიცია ამბობს, რომ გაყალბდა. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ პოლიტპატიმრები არ არიან საქართველოში. არიან კრიმინალები პოლიტიკაში, - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, "ოცნებისა" და დანიელსონის შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში ჩასული პრემიერი ღარიბაშვილი შარლ მიშელს უკვე მეორედ ხვდება. ირკვევა, რომ შეხვედრიდან გამოსული პრემიერი, რამდენიმე წუთში, მიშელთან სასაუბროდ კიდევ ერთხელ, უკან შეაბრუნეს.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.
კრისტიან დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება კი შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.