მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ნინო ამაღლობელის განცხადებით, დღეს, 26 მარტს "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალიდან პასუხი მიიღეს. კომპანიამ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციისა და საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა.
"ჩვენ გვაქვს სიახლე, დღეს დილით მივიღეთ პასუხი, წინა დღეებში მიწერილი გვქონდა "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალისთვის და დღეს მოგვწერა "ასტრაზენეკამ" და მოითხოვა ჩვენგან მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა ვაქცინაციამდე და სხვა საგამოძიებო მასალების გადაცემა. ისინი ამ ეტაპზე ითხოვენ სისხლის სამართლის მასალებს", - თქვა ნინო ამაღლობელმა.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო უწყება მათ არ შეაყოვნებს და შეძლებენ "ასტრაზენეკას" მოთხოვნილი დოკუმენტები გაუგზავნონ. კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა განაცხადა, რომ "ასტრაზენეკა" გამოძიებაში ჩართვის მზაობას გამოხატავს, თუმცა მათ ამ დრომდე უწყება ამოღებულ დოკუმენტებს სრულად არ აძლევთ.
"დილით მივიღე წერილი ასტრაზენეკადან, რომელიც გამოხატავს მზაობას ჩაერთოს გამოძიებაში. ითხოვს დოკუმენტაციას, პირველ რიგში სამხარაულის ბიუროს დასკვნას, ასევე იმ ლოტის ნომერს ამპულის, რომლითაც განხორციელდა ვაქცინაცია", - ამბობს ადვოკატი ვახო ბარამაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარს, მანუჩარ კობახიძეს კითხავენ. დაკითხვამდე ჟურნალისტებთან ოჯახის ადვოკატებმა გააკეთეს კომენტარი და გამოძიება დოკუმენტაციის დამალვაში დაადანაშაულეს.