
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი წერს, რომ დღეს "ორივე საქართველოში", როგორც ქვეყანაში, ისე აშშ-ს შტატში დემოკრატიის უკუსვლაა.
"დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა, ორივე ჯორჯიაში (შტატში და ქვეყანაში). ბაიდენის დღის წესრიგი დემოკრატიული განახლებისთვის, შინ და მის გარეთ, სულ უფრო რთული ხდება", - დაწერა მაიკლ მაკფოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 27 მარტს ჩამოვა. ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე მეორედ, ორშაბათიდან მედიაციის პროცესს დაიწყებს.
ჯერ შეხვედრების ზუსტი დღის წესრიგი არაა ცნობილი.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.