
გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამ დროისთვის, ისინი კახეთის პოლიციის დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
ჩადენილ დანაშაულში ორივე ბრალდებული თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
განზრახ მკვლელობისა და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მკვლელობა 25 მარტს მოხდა. ფაქტი კრიმინალური წარსულის მქონე ადგილობრივზე, მალხაზ ბადუაშვილზე, წარსულში მომხდარი მკვლელობის გამო განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება.
სისხლიანი გარჩევის დროს, თავდამსხმელებმა ბადუაშვილის ავტომობილში ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს 3 პირი, რომელთა შორისაც მალხაზ ბადუაშვილია.
ამავე თემაზე: