ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანების უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში მოხვდა რამდენიმე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის "ლელოს" ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის - ნიკა გვარამიას, "TV პირველის" მფლობელის ვატო წერეთლის მამის საქმე.
გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდვა "მთავარი არხის" თანადამფუძნებელი - გიორგი რურუას საკითხიც.
ანგარიშის მიხედვით, ოპოზიცია და პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავდა. პარტიებმა მათი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საფუძველზეც მოითხოვეს, 15 მაისს კი პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა.
"ოპოზიცია აგრძელებდა ოპოზიციონერი მოღვაწის გიორგი რურუას განთავისუფლების მოწოდებას, ახასიათებდა მას, როგორც პოლიტპატიმარი, რომლის გათავისუფლება გათვალისწინებული იყო 8 მარტს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან ერთად შეიცავდა დებულებას, რომ მთავრობა მიმართავდა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის გამოჩენას.
30 ივლისს რურუას მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ორი ბრალდებით. 4 აგვისტოს 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება, რომ რურუას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო და განაცხადეს: "პოლიტიკური ნიშნით დევნა ახლახანს გახდა იარაღი პოლიტიკური ოპონენტების ან კრიტიკული მედიასაშუალებების გავლენისთვის". მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, მოინახულონ პირები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად აცხადებენ, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს გააკეთა", - წერია ანგარიშში.
როგორც გამოუძიებელი საქმეები დოკუმენტში მოხვდა 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და 2017 წელს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება.
დოკუმენტში 9-ჯერ არის ნახსენები "სასამართლო კლანი" და აღნიშნულია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა სერიოზულ პრობლემად რჩება. ანგარიშში წერია, რომ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები, რომ ირღვევა შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.