დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.
ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება, რადგან სასამართლო ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გამო, წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გააძევა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მელიას დაშვებასაც მოითხოვენ, ასევე, წარადგენენ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"მოსამართლე ალბათ გადასინჯავს ასევე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - დაპატიმრების განგრძობადობის საკითხს. მიჭირს პროგნოზის გაკეთება, რადგან ნათელია, აღნიშნული საქმე დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან, უბრალოდ მოხდება სასამართლოს მიერ იმ გადაწყვეტილების გამჟღავნება, რასაც ხელისუფლება მიიღებს", - თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.