
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნიკა მელიას პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მას მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლო ნიკა მელიას გაათავისუფლებს.
საძაგლიშვილის განმარტებით, სასამართლომ მოთხოვნა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დააკმაყოფილა.
"რეალურად, ჩემი მოლოდინები პატიმრობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა იმის გამო, რომ დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ნიკა მელიას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მომდევნო სხდომაზე მიიღოს მონაწილეობა.
პრინციპში იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ინტერესი არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ საქმესთან მიმართებაში და მოგეხსენებათ, სენატში მსჯელობენ, ევროპარლამენტში მსჯელობენ და არ დარჩენილა არც ერთი ავტორიტარული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც განცხადება, ან შეფასება არ ჰქონდეს ამ საქმესთან გაკეთებული, ამ პირობებში ნიკა მელიას გარეშე საქმის წარმართვა ძალიან გაუჭირდებოდა ამ სასამართლოსაც კი და ამიტომ მოუწია სასამართლოს ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო სხდომაზე პატიმრობასთან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილებას მიიღებს", - თქვა საძაგლიშვილმა.
შეგახსნებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 13 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას სხდომაზე დასწრების უფლება მისცა.
ამავე თემაზე: