პოლიტიკური ტყვეობა გრძელდება - მოსამართლემ დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს კვლავ უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა. უფრო მეტიც, ნიკა მელია სასამართლოს დარბაზიდანაც კი გააძევეს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი იმის გამო, რომ უკანონოდ და პოლიტიკური მოტივებით დატყვევებულმა ოპოზიციის ლიდერმა მას მონა უწოდა და მოსამართლეთა კლანის ლიდერთან მოკითხვა დააბარა.
ნიკა მელიას მიმართვის კიდევ ერთი ადრესატი მისი მხარდამჭერები იყვნენ. სასამართლოს დარბაზიდან ივანიშვილის პირადმა ტყვემ ხმამაღლა მოუწოდა თანამოაზრეებს, რომ არ წავიდნენ სინდისთან კომპრომისზე და არ ივაჭრონ თავისუფლებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.