ნიკა მელიას თავდებობის იდეა არ ეწინააღმდეგება მიშელის შეთანხმებას... ახლა ჯერი "ოცნებაზეა" - ხაზარაძე
გამოქვეყნდა:
"ლელო საქართველოსთვის" წევრები განმარტავენ, რომ ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას და საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს არ ეწინააღმდეგება და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია. ინფორმაცია პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვრცელდება.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან. მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: "ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს".
მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან:
აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, "ლელომ", როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო "ისეთი ზომები" რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას. კერძოდ: თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.
ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ,,ქართული ოცნება” იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგავს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი, - წერს ხაზარაძე.