NASA-ს მარსის ვერტმფრენ Ingenuity-ს ყველაზე სარისკო ფრენა ხუთშაბათს უნდა შეესრულებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ის ვერ აფრინდა და ამიტომ, NASA ხელახლა ცდას დღეს, პარასკევს აპირებს.
19 აპრილს Ingenuity-მ ისტორია დაწერა - ის ისტორიაში პირველად სხვა პლანეტის ზედაპირზე სამ მეტრის სიმაღლეზე რეაქტიულად აფრინდა. მას შემდეგ, 1,8 კილოგრამის დრონმა კიდევ ორი ფრენა შეასრულა. ყოველ ჯერზე უფრო შორს და უფრო სწრაფად დაფრინავდა.
► მსგავსი: NASA-ს ვერტმფრენი წარმატებით აფრინდა - ისტორიული მიღწევა მარსის კვლევაში
ბოლო ფრენისას, Ingenuity კარგ მდგომარეობაში იყო და მან ჯამურად დაახლოებით 100 მეტრიც კი იფრინა. ხუთშაბათს დაგეგმილი ფრენა ბევრად უფრო ამბიციური იყო: მას 117 წამის განმავლობაში 3,5 მ/წმ სიჩქარით უნდა ეფრინა. ეს მისთვის რეკორდული სიჩქარე იქნებოდა.
ვერტმფრენის გეგმა ასეთი იყო: ის 5 მეტრის სიმაღლეზე უნდა ასულიყო, სამხრეთით დაახლოებით 133 მეტრი უნდა ეფრინა და მარსის ზედაპირის ფოტოები გადაეღო. შემდეგ ვერტმფრენი ჰაერში უნდა გაჩერებულიყო, კიდევ მეტი ფოტო გადაეღო, მობრუნებულიყო და თავდაპირველ ადგილას დამჯდარიყო.
► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსმავალ „პერსევერანსის“ ფოტო გადაიღო
თუმცა, Ingenuity-ს როტორებმა ის ჰაერში ვერ ასწია.
ამის მიზეზი სავარაუდოდ პროგრამული ხარვეზია, რომელმაც პირველად ვერტმფრენის მაღალი სიჩქარით ბრუნვის ტესტისას იჩინა თავი. ტესტის კრახის მიზეზი Ingenuity-ს საფრენი კომპიუტერი იყო, რომელმაც „ფრენის წინა“ რეჟიმიდან „ფრენის“ რეჟიმში გადართვა ვერ მოახერხა. რამდენიმე დღეში კი, NASA-ს ინჟინრებმა ხარვეზი პროგრამის ხელახალი დაწერით აღმოფხვრეს.
მაგრამ ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ხარვეზის მოგვარების ეს გზა ვერტმფრენს ფრენის რეჟიმში გადასვლაში მხოლოდ 85% შემთხვევაში დაეხმარებოდა. Ingenuity-ს მიერ ხუთშაბათს გადმოგზავნილ მონაცემებში კი სწორედ ეს ხარვეზი შეინიშნებოდა - ის ფრენის რეჟიმში ვერ გადაერთო. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ვერტმფრენი იმ 15%-იანი ალბათობის მსხვერპლი გახდა, როდესაც ხარვეზის პროგრამული აღმოფხვრა შეუძლებელი ხდება.
დღევანდელი [ფრენის] გადადება მოსალოდნელი იყო და ეს სამომავლო ფრენებს არ შეაფერხებს. - აცხადებს NASA.
სააგენტოს განცხადებით, ვერტმფრენი „უსაფრთხო და კარგ მდგომარეობაშია“. ის ხელახლა, მეოთხეჯერ აფრენას პარასკევს, თბილისის დროით 18:46-ზე შეასრულებს. NASA-ს ინჟინრები პირველი მონაცემების მიღებას სამი საათის შემდეგ ელოდებიან.
Ingenuity-ს ინჟინერთა გუნდს კიდევ ორი ფრენის შესასრულებლად ერთი კვირაღა დარჩა. მეხუთე და ბოლო ფრენისას, ვერტმფრენი რაც შეიძლება შორს გაფრინდება და ამ პროცესისას 1,8 კილოგრამიანი დრონი მიწას შეეჯახება და ფუნქციონირებას შეწყვეტს.