ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამბობს, რომ მე-18 მუხლისა და მე-7 მუხლის ერთობლივად განხილვა იშვიათია. შესაბამისად, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მე-18 და მე-7 მუხლის დარღვევა დადგინდება, ეს სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება.
...გამომდინარეობს ის კითხვა, რომელიც სასამართლოს აქვს დასმული, რამდენად შესაძლებელია თეორიულად ამ საკითხების ერთობლიობაში განხილვა. თავის დროზე, მე მივეკუთვნებოდი იმ მოსამართლეების წრეს, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ მე-18 მუხლი უფრო მეტად გავრცელებულიყო პოლიტიკურ კონტექსტებზე, ვინაიდან დემოკრატიისთვის რისკი ძალიან თვალსაჩინო იყო დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ ისეთ პირობებში, როცა შიდასასამართლოები არ არიან სათანადო დონეზე, ევროსასამართლოს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის დავები უფრო თამამად განეხილა ევროსასამართლოს ფარგლებში, - თქვა წოწორიამ.
როგორც ნონა წოწორია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან მიმართებაში დარღვევას დაადგენს, ეს იქნება პასუხი იმაზე, რომ ქვეყანაში სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის იყენებენ.
ეს იქნება პასუხი იმაზე, რომ დავფიქრდეთ, როგორი სასამართლო სისტემა გვაქვს, როგორი ქვეყანა გვინდა, რამდენად პასუხობს დემოკრატიის მოთხოვნებს. ვინაიდან ისეთ პირობებში, როცა სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად ოპონენტების ხელში და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს უქმნიდეს საფრთხეს, - თქვა ნონა წოწორიამ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.
ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება - ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.
სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.