ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრები გრძელდება.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ფიქრობს, რომ კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია და პრეზიდენტმა მას ვეტო უნდა დაადოს, თუმცა როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, პარალელურად ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომელსაც პარლამენტში დაარეგისტრირებენ.
"ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად გამოეხმაურნენ და სწორედ ჩვენი ინიციატივით შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ საკითხზე, ეს გახსოვთ, რომ კანონის მიღების დღეს მოხდა. ეს არის სასჯელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში.
მე გითხარით, რომ ერთია ვეტოს უფლება და მივესალმები თუ ამ ვეტოს გამოიყენებს პრეზიდენტი და ეს პირველი პრეცედენტი იქნება. მეორეა, რომ პარალელურად ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ჩვენ აუცილებლად დავარეგისტრირებთ კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, დავაბრუნოთ ძველი ნორმები, რაც იყო",- თქვა ვაშაძემ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება. შეხვედრა უკვე დაასრულა სალომე სამადაშვილმა.
29 აპრილს, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.