"შეწყდეს პოლიტიკური დევნა!" - საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. მოძრაობის წევრებმა სასამართლოს ეზოში ბანერი წარწერით - "შეწყდეს პოლიტიკური დევნა!" გაშალეს.

აქტივისტების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებზე მათი თანამოაზრეების გახშირებულ დაკავებას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის პარალელურად საქალაქო სასამართლოში 19 თებერვალს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 4 აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დევნაზე საუბრობენ და მოუწოდებენ პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაიცვან მათი ინტერესები.

კიდევ ერთი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან, სადაც აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ბანერი "განვაახლოთ ქვეყნის განვითარება" გაშალეს. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ქვეყნის წინაშე ყოფილი პრეზიდენტის დამსახურებასა და მის გაკეთებულ საქმეებს ახსენებენ.

ცნობისთვის, 19 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის უკან განთავსებული კარვები პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს 25 აქტივისტი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი