"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დღევანდელი, 27 მაისის პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
დღევანდელ პროცესზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. ადვოკატ, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურამ მათ ისევ არ შეატყობინათ, თუ რომელი მოწმეების გამოკითხვას აპირებდნენ პროცესზე. ადვოკატმა აღნიშნული შეთანხმების დარღვევად შეაფასა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.