
ბოლნისში სამოქალაქო აქტივისტების, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრების პროცესი დასრულდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 9 ივნისს, 17:00 საათისთვის გადადო.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას Facebook-ზე გამოეხმაურა ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი მუმლაძე. წერს, რომ "ვერ გაბედა დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება და რჩევისთვის დარეკა".
აი რაც დღეს მოხდა ბოლნისის სასამართლოში, არის სრული ლუსტრაცია პოლიტიკური მართლმსაჯულების! 29 აპრილს, ჩვენი დაკავების ფაქტზე, მესამე სხდომა იყო, ყველაფერი გამოვიკვლიეთ, აი ყველაფერი!
ნამდვილად ყველა საფუძველი იყო, რომ შეეწყვიტა საქმის წარმოება მოსამართლე ლევან ბარდაველიძეს, ამასთან ძალიან ვთხოვეთ, რომ დღესვე მიეღო გადაწყვეტილება და ბოლნისში ათი წუთისთვის აღარ ჩამოვსულიყავით.
მაშინვე დაგვეთანხმა, კი არაა პრობლემაო და 10 წუთიანი შესვენების შემდეგ, გამოვაცხადებ სარეზოლუციო ნაწილსო. შესვენების შემდეგ შევედით და ამბობს, გვიანია, დრო უნდოდა გადაწყვეტილების მიღებასო და 9 ივნისს 17 საათზე გამოვაცხადებო.
დარწმუნებული ვარ ვერ გაბედა დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება და რჩევისთვის დარეკა. იქიდან თითი დაუქნიეს ზედმეტი არ მოგივიდესო! ასეთ ჭაობში ვცხოვრობთ, რომელსაც დროულად თუ არ დავასრულებთ, ყველას ჩაგვყლაპავს, - წერს მუმლაძე.
ცნობისთვის, 29 აპრილს, მას შემდეგ, რაც გიორგი მუმლაძის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, აქციის მონაწილეებს, სამოქალაქო აქტივისტებს მარნეულის მერიის შენობაში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა. ადგილზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მერიის შენობაში შესვლა რამდენიმე აქტივისტმა შეძლო, მათ შორის იყო გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია და სხვები.
ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას მუმლაძე პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებს და ამბობს, რომ მისი ძმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" სპეციალისტად 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.
იხილეთ ასევე: