საიდუმლოდ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს

გამოქვეყნდა:

ბრაზილიის სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში შაქრის ლერწმების ველებით გარშემორტყმული ერთი პატარა ქალაქი მდებარეობს. COVID-19-ის პანდემიამ ყველაზე სასტიკად ამ ქალაქს დაარტყა. სწორედ ყველაზე მძიმედ დაზიანებულ ქალაქში დაბალი ეფექტურობის მქონე ვაქცინამაც კი ვირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა დრამატულად შეამცირა.

უჩვეულო ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა ჩინური კომპანიის მიერ დამზადებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა CoronaVac (იგივე „სინოვაკი“) რეალურ ცხოვრებაში გატესტეს. სან-პაულუს შტატში მდებარე ქალაქ სერანას თითქმის ყველა ზრდასრულმა მცხოვრებმა აპრილისა და თებერვლის ინტერვალში ვაქცინის საჭირო ორი დოზა მიიღო. შედეგები მართლაც რომ დრამატული იყო. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისთანავე COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები 80%-ით შემცირდა, ჰოსპიტალიზაციამ 86%-ით იკლო, ხოლო სიკვდილიანობა 95%-ით დაეცა.

ნახეთ: ყველაფერი, რაც ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ

თუმცა, პარალელურად, 15 სხვა ქალაქში შემთხვათა ზრდა კონტროლს აღარ ექვემდებარება.

სერანა ახლა უკვე ოაზისია. მან დაგვანახა, რომ ვაქცინაციით ეპიდემიის კონტროლი მართლაც რომ შესაძლებელია. - ამბობს რიკარდო პალაციოსი, ბუტანტანის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებმა რეალურ ცხოვრებაში დაავადების მწვავე ფორმების პრევენციაში 90%-ზე ეფექტურობა აჩვენა, რის გამოც ბევრ ქვეყანაში შემთხვევათა ზრდამ იკლო. თუმცა, CoronaVac-ის მიმართ გარკვეული კითხვები არსებობდა. ეს ვაქცინა იმუნიტეტის სტიმულირებისთვის COVID-19-ის დაავადების გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის ინაქტივირებულ ასლს იყენებს. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა ეფექტურობის განსხვავებული შედეგები აჩვენა: ყველაზე დაბალი, 50%-იანი ეფექტურობა ვაქცინას ბრაზილიაში ჰქონდა. ეს ის მიჯნაა, რომლის ქვემოთაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინას საგანგებო ავტორიზაციას აღარ ანიჭებს. მოგვიანებით, ასევე ბრაზილიაში რეალურ ცხოვრებაში ჩატარებულმა კვლევებმა ვაქცინის იგივე ეფექტურობა დაადგინა, რაც წინა კლინიკურმა ცდებმა.

► ნახეთ: რა სხვაობაა ვაქცინებს შორის - ეფექტურობა, უსაფრთხოება, მუშაობის მექანიზმი

სწორედ ამ მიზეზის გამო, მრავალი მეცნიერი არც ისე ეფექტურ ვაქცინას უკვე სხვა თვალით უყურებს. ბრალიზიის მიერ ადმინისტრირებული ვაქცინების 80%-ს სწორედ CoronaVac შეადგენს. ვიტორიაში მდებარე ესპირიტოს ფედერალური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ეპიდემიოლოგის, ეთელ მაჩიელის თქმით, ეს შედეგები დამაიმედებელია. მეცნიერი კვლევაში არ მონაწილეობდა. ეს ფაქტი ეპიდემიოლოგისთვის იმიტომაა დამაიმედებელი, რომ SARS-CoV-2-ის ვარიანტი P1 (ე.წ. ბრაზილიური შტამი) გარდა იმისა, რომ მთელ ქვეყანაში ყველაზე პრევალენტურია, კვლევის ჩატარების პერიოდში სერანაშიც ყველაზე გავრცელებული იყო. ლაბორატორიული კვლევები მიუთითებდა, რომ P1-ის (რომელსაც ჯანმომ დელტა უწოდა) წინააღმდეგ ვაქცინები არ იმუშავდებდა.

ჯანმომ გუშინ, პირველ ივნისს, „სინოვაკს“ დაჩქარებული ავტორიზაცია მიანიჭა, რითაც დაბალ შემოსავლიანი ქვეყნების მასობრივი ვაქცინაცია უფრო დაჩქარდება. ბრაზილია COVID-19-ის პანდემიის გამო დაღუპულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს: იქ, ინდოეთის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი, 461 000 ათასი ადამიანი დაიღუპა. ბრაზილიამ იმუნიზაცია ვაქცინების სიმცირის გამო საკმაოდ გვიან დაიწყო და დღესაც მხოლოდ მოხუცებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვისაა გამოყოფილი. მინიმუმ ერთი დოზით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია აცრილი.

სერანაში ჩატარებულ მასობრივი ვაქცინაციის ექსპერიმენტს Project S ერქვა - S ქალაქის დასახელების პირველი ასოს გამო არაა, არამედ - secret-ის (საიდუმლო). ექსპერიმენტი თავდაპირველად საიდუმლოდ მიმდინარეობდა, რათა სხვა ქალაქებიდან ხალხი სერენაში არ წამოსულიყო. როდესაც პროცესი დაიწყო, სერანას ყოველი მეოცე მოსახლე დაინფიცირებული იყო, ხოლო 25%-ზე მეტს უკვე გადატანილი ჰქონდა ვირუსი. მეცნიერებმა სერანა სატესტო ადგილად რამდენიმე მიზეზის გამო შეარჩიეს: იქ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იყო, მოსახლეობა 45 000-ზე ოდნავ მეტია და სან-პაულოს უნივერსიტეტის კამპუსი ახლოსაა.

15 მკვლევრისგან შემდგარმა გუნდმა ადგილობრივი ძალოვნებისა და ჯანდაცვის მუშაკების დახმარებით პირველად დეტალური აღრიცხვა ჩაატარეს. მათ სერანა 25 სექციად გაყვეს, თითოეული მათგანი ე.წ. „მიკროსამყაროს“ წარმოადგენდა, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ:  მაგალითად, ერთსა და იმავე შენობებში მცხოვრები ადამიანები, ან ისინი, ვინც ერთსა და იმავე მაღაზიებში დადიოდა საშოპინგოდ. შემდეგ, მკვლევრებმა ამ კლასტერებიდან ოთხი ჯგუფი შეკრეს და თითოეული ჯგუფის წევრების ორი დოზით აცრა 1 კვირის ინტერვალით დაიწყეს. ექსპერიმენტში მხოლოდ 18 წელს გადაცილებული ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აწუხებდათ და არ იყვნენ ორსულად. 8 კვირის შემდეგ, დაახლოებით 27 000 ადამიანი (96%) ორი დოზით იყო აცრილი.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არასდროს დაკეტილა და არც მეზობელი ქალაქებისგან იზოლირებულა, მკვლევრები ამბობენ, რომ მათ ვირუსის გადაცემის შემცირება პირველი ჯგუფის მეორე დოზით აცრისთანავე შენიშნეს. იმ დროს კი, როდესაც მესამე ჯგუფის წევრებმა მეორე დოზა მიიღეს და აცრისთვის შესაფერისი პოპულაციის 75% იმუნიზირებული იყო, ეპიდაფეთქების კონტროლი ეფექტურად მოხერხდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ მასობრივ ვაქცინაციასთან ერთად, პოპულაციის მანამდე ინფიცირებამ ქალაქს საზოგადოებრივი იმუნიტეტი შესძინა - კორონავირუსს დასაინფიცირებელი ხალხის პოვნა გაუჭირდა იმიტომ, რომ ბევრი უკვე იმუნური იყო მის მიმართ. ბოლო აცრიდან 14 დღის შემდეგ, ვაქცინირებულთა შორის მხოლოდ და მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან არც ერთი არ დაღუპულა. შემთხვევათა რიცხვი, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ასევე ბავშვებსა და თინეიჯერებშიც შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც ერთი ვაქცინა არ მიუღიათ. 

არ დაფიქსირებულა მწვავე გვედითი ეფექტები. მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ შედეგებს მალე გამოაქვეყნებენ, მანამდე კი შესაძლოა ნაშრომის პრეპრინტიც ვიხილოთ. მაუნთ სინაიში მდებარე იკანის სამედიცინო სკოლის ვირუსოლოგი ფლორიან კრამერის თქმით, ექსპერიმენტი „საინტერესოდ ჟღერს და შედეგები დამაიმედებელია, თუმცა, ზუსტი დასკვნები გამოქვეყნებული ნაშრომში არსებული მონაცემების მიხედვით უნდა გამოვიტანოთ“.

ბრაზილიის იმუნოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი რიკარდო გაზინელი ამბობს, რომ „სინოვაკისთვის“ ეს შედეგები კარგი ამბავია, თუმცა, 2 თვიანი ანალიზი ზედმეტად მცირეა. მკვლევართა გუნდი სერანას მოსახლეობის მონიტორინგს 1 წლის განმავლობაში გააგრძელებს და დააკვირდება, შეუნარჩუნდებათ თუ არა მათ იმუნიტეტი. თუ იმუნიტეტი სწრაფად გაუქრებათ, „სინოვაკით“ პანდემიის დასრულება რთული იქნება, რადგან ბრაზილიელებს დამატებითი დოზის გაკეთება მანამდე მოუწევთ, სანამ ისინი მთელ მოსახლეობას აცრიან.

თუ ვაქცინის ეფექტურობის პერიოდი ხანმოკლეა და იმუნიზაციას ამ ტემპით გავაგრძელებთ, საზოგადოებრივ იმუნიტეტს ვერასოდეს მივაღწევთ, რადგან როდესაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილი იქნება, ადამიანთა დიდი ჯგუფი იმუნური აღარ იქნება. - ამბობს გაზინელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი