ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციები გასულ თვეს Raynair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ჟურნალისტ რომან პრატასევიჩის დაკავებას უკავშირდება.
ინფორმაციას საერთაშორისო მედიები დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებენ. სანქციები უკვე დაამტკიცეს ევროკავშირის ელჩებმა, საგარეო საქმეთა მინისტრები კი მას მომდევნო კვირაში მიიღებენ.
დიპლომატები ამბობენ, რომ სანქციების ახალი ზომები სულ მცირე 7 პირს შეეხება, რომლებიც ბელარუსის ავიაციის სექტორთან არიან დაკავშირებული.
ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები პირველად მას შემდეგ დაუწესა, რაც 23 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ბრძანება გასცა, რომ მინსკში Raynair-ის თვითმფრინავი დაესვათ.
25 მაისს ევროკავშირმა ბელარუსს საინვესტიციო პაკეტი შეუჩერა და საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.