დედაქალაქის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. კახი კალაძე ამ განცხადებით რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში გამგზავრებას გამოეხმაურა.
თბილისის მერის განმარტებით, მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს, თუმცა "პოლიტიკა პოლიტიკის ნაწილში უნდა დარჩეს".
"მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს, თუმცა იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, რაც დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროებისთვის, მაგალითად სპორტისთვის, ასევე კულტურისთვის, ამიტომ პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება",- თქვა კახი კალაძემ.
რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში გაემგზავრა. სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება. ამავე თემაზე: