ორი წელი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან. ამ დრომდე ოჯახს და საზოგადოებას არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი რამდენიმე დღეში იპოვეს.
ამ დრომდე ისევ დაუზუსტებელია, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ვინ და რატომ მისდევდა მის მანქანას, რა უნდოდათ ოპერატიულ თანამშრომლებს მის სახლთან, სად გაქრა მისი მეხსიერების ბარათები და რატომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ექსპერტიზა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ივნისში "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დათო აბრამიშვილის ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომლითაც ირკვევა, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
დათო აბრამიშვილმა მის ხელში აღმოჩენილი მონაცემთა ბაზა საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გააშიფრინა და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
მანამდე კი, ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა დადგენილიყო, ვის ეკუთვნოდა ის სამი ავტომობილი, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებში ფიგურირებდა. მოგვიანებით, გასულ წელსვე, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" გაჟღერდა ერთ-ერთი ავტომობილის "მფლობელის", შავნაბადას ხელმძღვანელის, "ხარებას" სახელი, რომელიც ბევრ გახმაურებულ საქმესთანაა დაკავშირებული. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ სამი მანქანის სანომრე ნიშნები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.
უკვე მიმდინარე წლის ივნისში კი, ჟურნალისტ-გამომძიებელმა ელისო კილაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა, რომ ბაზაზე მანქანების შესვლის კადრი გაყალბებულია და შემდეგაა გადაღებული და მიმატებული. მისივე თქმით, ევაკუატორი, რომელმაც მანქანა "ვილა ალგეთიდან" მაწევანში წამოიყვანა, ხალხს ნანახი აქვს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა და მისი გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი ამ დრომდე დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო.
იხილეთ ასევე: